ტელეკომპანია იმედი ყოფილი პრემიერის განცხადებას ეხმაურება - არხზე აცხადებენ, რომ ტელევიზია დამოუკიდებელი კომპანიაა და თავად წყვეტს, ვის დაუთმობს ეთერს.
ტვ იმედი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც საუბარია, რომ არხი "ვერ იმოქმედებს ნაციონალური მოძრაობისა და მათთან ღიად თუ ფარულად დაკავშირებული პოლიტიკოსების მოთხოვნების საფუძველზე".
„იმედი არის საქართველოში ყველაზე მაღალრეიტინგული ტელეკომპანია, რომელიც საზოგადოების ყველაზე მაღალი ნდობით სარგებლობს. აღნიშნულის გათვალისწინებით, კვალიფიციური თუ არაკვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების სურვილი, საკუთარი თავი იხილონ ჩვენს ეთერში, სრულიად ბუნებრივია, თუმცა ჩვენი არხი ვერ იმოქმედებს ნაციონალური მოძრაობისა და მათთან ღიად თუ ფარულად დაკავშირებული პოლიტიკოსების მოთხოვნების საფუძველზე.
ტელეკომპანია იმედი არის დამოუკიდებელი, კერძო კომპანია, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, არ დაუშვას ნაციონალური მოძრაობის რევანში საქართველოში. ამ მიზნის და საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში, ის თვითონ წყვეტს ვინ, როდის და რა ამპლუაში მოიწვიოს ტელეარხზე", - ნათქვამია ტელეკომპანიის განცხადებაში.
გიორგი გახარიამ ტელეკომპანიის მისამართით განცხადება გუშინ, 8 სექტემბერს გაავრცელა. გახარია ფეისბუკზე წერდა, რომ ტვ იმედი პროსახელისუფლებო მედიაა, რომელიც ეთერს არ უთმობს ყოფილი პრემიერის პარტიას.
„ყველას იწვევთ ეთერში, ყველას ალაპარაკებთ ჩვენზე, ალანძღინებთ ჩვენს თავს, ჩვენ კი, პასუხის საშუალებასაც არ გვაძლევთ! ამიტომ, კიდევ ერთხელ მოგმართავთ, არათუ მზად ვარ, არამედ, მოვითხოვ, თქვენს არხზე ნებისმიერ გადაცემაში პირდაპირ ეთერს!", - წერდა გახარია.